”ევროვიზიის” პირველი ნახევარფინალიდან საქართველომ ერთერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური კონკურსის ფინალში მოხვედრა მოახერხა! საკმაოდ მძიმე ჟღერადობა, Linkin Park-ისა და Evanescence-ის ქართული ნაზავი ევროპული საზოგადოებისათვის მისაღები აღმოჩნდა და ხმების დათვლის შემდეგ ჯგუფი Eldrine სიმღერით ”One More Day” ფინალისტ ათეულში გავიდა.
რაც შეეხებათ სხვა მონაწილეებს - საქართველოსთან ერთად 19 ნახევარფინალისტიდან ფინალში მოხვდნენ სერბეთის, რუსეთის, შვეიცარიის, ფინეთის, ისლანდიის, უნგრეთის, ლიტვის, აზერბაიჯანისა და საბერძნეთის წარმომადგენლები. ყველაზე ორიგინალური, უფრო სწორედ, დამაბნეველი პერფორმანსი საბერძნეთს ჰქონდა - Loukas Giorkas FT. Stereo Mike - საკმაოდ აგრესიული და მძიმე გამოსვლა მაყურებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და შედეგიც სახეზეა - საბერძნეთი ფინალისტთა სიას შეუერთდა. გამარჯვების შანსი აქვს აზერბაიჯანსაც - Eldar & Nigar სიმღერით ”Running Scared” ფინალში კონკურენციას გაგვიწევენ. შემდეგი ნახევარფინალი 12 მაისს გაიმართება და კიდევ ერთი ათეული გამოვლინდება.
საბოლოოდ კი 14 მაისს 56-ე ”ევროვიზიაზე” ერთმანეთს კონკურენციას სულ 25 ქვეყანა გაუწევს - ნახევარფინალში გამარჯვებულ ქვეყნებს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ბრიტანეთისა და ესპანეთის წარმომადგენლები შეუერთდებიან.
|