1 ივლისს კინოთეატრ „რუსთაველში“ სამშობლოში ორი კვირით „კონსპირაციულად“ ჩამოსულმა ბერა ივანიშვილმა თავის ფანებს ფოიერვერკი აჩუქა. თუმცა არც ფანები ჩამორჩნენ და ამერიკაში მცხოვრებ კუმირს ნამდვილი ვარსკვლავური დახვედრა მოუწყვეს. განსაკუთრებით აქტიურებს მომღერლის გამოსახულებიანი მაისური ეცვათ. უფრო ემოციურები კივილით შეეგებნენ მომღერალს და დარბაზამდე მუხტი არ დაუგდიათ. მოკლედ, ქართველი თინეიჯერების წინაშე ბერა ახალი ვიდეორგოლით წარსდგა. ქართულ სიმღერაზე - „ჰიპ ჰოპ ვალსი“ - კლიპი ლოს-ანჯელესში მისმა ფრანგმა მეგობარმა რეჟისორმა გადაიღო.