19 მაისს, ღამით, პარიზში თანამედროვე ხელოვნების გალერეიდან პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, ბრაკას, მოდილიანის და ლეჯეს ხუთი შედევრი მოიპარეს.
ექსპერტთა წინასწარი მონაცემებით, მოპარული ნახატების ღირებულება 500 მილიონ ევროს აჭარბებს.
"ფრანსპრესის” ინფორმაციით, მძარცველებმა გატეხეს მუზეუმის ცენტრალური შესასვლელის რკინის კარის საკეტი და ამოიღეს ფანჯრის მინა, რის შემდეგაც, თავისუფლად შევიდნენ მუზეუმში. ძარცვისას სიგნალიზაციის სისტემა გათიშული იყო.
წინასწარი ვერსიით, მძარცველი ერთი იყო. მუზეუმში დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა მძარცველი, მართალია, დააფიქსირა, მაგრამ მისი ამოცნობა შეუძლებელია, რადგანაც, მას შავი ნიღაბი ეკეთა. აღბეჭდილ კადრებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ტეხავს ის საკეტს და ფანჯრიდან გადადის მუზეუმის შენობაში.
საფრანგეთის შსს-ს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლმა ჯგუფმა გამოძიება უკვე დაიწყო. მათი ვერსიით, ქურდობა მსხვილმა კოლექციონერმა შეუკვეთა.
საფრანგეთის შსს აცხადებს, რომ ეს არის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ქურდობა.