MTV Video Music Awards-მა წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო-კლიპები გამოავლინა. კონკურსის მთავარი ჯილდო - "წლის ვიდეო" მაყურებელთა ფავორიტს, კეტი პერის, კლისპისთვის "Fireworks" ერგო. ამერიკელი მომღერალი, რომელიც სცენაზე უცნაური ფორმის თავსაბურავით ავიდა, MTV-ის 9 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ვიდეო - ქალი მომღერალი", MTV -ის რჩეულმა ეპატაჟურმა ლედი გაგამ გაიმარჯვა. იგი ცერემონიაზე მამაკაცური სამოსითა და ელვის პრესლის ვარცხნილობით გამოჩნდა.
მომღერალი სცენაზე ეწეოდა, როიალზე ხოხავდა და რამდენჯერმე ლუდით სავსე ბოთლიც "მიიყუდა". ორიგინალურ ნომერს მუსიკალურად ლეგენდარული ჯგუფის - "ქვინის" წევრი, ბრაიან მეიც აფორმებდა. ამ უცნაური დუეტის გამოსვლა მაყურებელმა მქუხარე აპლოდისმენტებით შეაფასა. ნომინაციაში - "საუკეთესო პოპ-ვიდეო", ჯილდო ბრიტნი სპირსმა მოიპოვა. ნომინაციაში - "წლის საუკეთესო ვიდეო - მამაკაცი მომღერალი" ახალგაზრდა კანადელმა შემსრულებელმა ჯასტინ ბიბერმა გაიმარჯვა, კლიპისთვის - U Smile.
17 წლის ბიბერი დაჯილდოებაზე მეგობარ გოგონასთან ერთად გამოცხადდა. იგი კვლავ თინეიჯერი გოგონების კერპად რჩება, მიუხედავად ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებისა, რომლის მიხედვით, ბიბერი ყველაზე მომაბეზრებელ მედია-პერსონად დასახელდა. რესპოდენტების 47% სიამოვნებით დაივიწყებდა მის სახელს. როკის შემსრულებელთა შორის "საუკეთესო როკ-ვიდეოსთვის" კვარტეტი Foo Fighters-ს დაჯილდოვდა, კომპოზიციისთვის - Walk, ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად კი შავკანიანი ნიკი მინაჟი დასახელდა.
MTV-ის წლევანდელ შოუს მუდმივი წამყვანი არ ჰყოლია - ეს ფუნქცია კონცერტის მონაწილეებმა შეითავსეს. საღამოზე გარდაცვლილი მომღერალი ემი ვაინჰაუსიც გაიხსენეს.
Video Music Awards პრემია ასტრონავტის მინიატურული ქანდაკებაა, რომელსაც ხელში მუსიკალური არხის ლოგოს ამსახველი დროშა უჭირავს.
|